ჩანახატი

                                                    ჩემი პირველი მასწავლებელი

     სულ მალე დაირეკებოდა პირველი ზარი.დიდი მოლოდინი მქონდა,თუმცა არ ვიცოდი რას ველოდებოდი.იმას კი კარგად ვხვდებოდი ,რომ ცხოვრებაში რაღაც ახალს ვიწყებდი.კარგად მახსოვს დედამ და მამამ ადრე გამაღვიძეს და ავტობუსით გავეშურეთ .ცოტახანში ბაზრობაზე აღმოვჩნდი,სადაც უამრავი ხალხი ირეოდა.დედამ მაგრად წამავლო ხელი და თან ყურში ჩამჩურჩულა, -ხელი არ გამიშვაო.მეც რაც ძალი და ღონე  მქონდა ვუჭერდი.
სკოლის დაწყება,პირველი კლასი,ახალი ტანსაცმელი,ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.დღე და ღამე სკოლასა და მასწავლებელზე ვფიქრობდი,რომელიც არასდროს მყავდა დანახული.მხოლოდ ჩემს წარმოდგენაში ვფიქრობდი და ვქმნიდი პერსონაჟს მაღალი,გრძელი თმით,წითელი პომადით, საყურით და ქუსლიანი ტუფლით.სკოლას რაც შეეხება ,რამდენჯერმე მქონდა დანახული,რადგან სოფლის შუაგულში იდგა.
სწავლის დაწყების წინა დღეს დავიწყე ფუსფუსი და მზადება სკოლისთვის.ეზოში ჩემი ბაღის ყვავილები მოვკრიფე და პატარა ხელებით შევკარი გვირილების თაიგული.სულ ჩემს პირველ მასწავლებელზე ვფიქრობდი და ღამით თითქმის არ მეძინა.დილით ჩამეძინა და დედამ მალევე დამიძახა,სკოლა და მასწავლებელი გელისო.მეც წამოვფრინდი,მიუხედავად იმისა,რომ არ მძინებია,მაინც ენერგიულად ვიყავი.
 როგორც იქნა მივუახლოვდი სკოლას  და აი,დაიწყო ჩემი გული ფანცქალი.მესმოდა როგორ მიბაგუნებდა გული,მეკვროდა სუნთქვა და თვალებზე ცრემლი მერეოდა.დედამ კლასში შემიყვანა და მერხთან დამსვა.ვაცეცებდი თვალებს,ვეძებდი წითელ პომადიან ქალს,ლამაზი კაბით,მაგრამ კლასში სათნო ,შუახნის ქალი შემოვიდა,ჭაღარა თმით,მომღიმარი.მშობლებს მიესალმა და პატარებს სიკეთით სავსე თვალებით შემოგვხედა სათვალის ქვეშიდან.მან სწავლის დაწყება მოგვილოცა .სათნო,წყნარი ხმით თავისი სახელი გვითხრა:
„-მე მაყვალა მასწავლებელი ვარ.მომდევნო ოთხი წელი ერთად ვისწავლით ,ვითამაშებთ...“დანარჩენი სიტყვები აღარ გამიგონია.მის სახელზე დავიწყე ფიქრი.ექვსი  წლის ბავშვმა რა შეიძლება იფიქროს ამ დროს? მაყვალა-მაყვალი.მაყვალი გემრიელია ,ალბათ,მაყვალა იმიტომ ჰქვია,რომ მაყვალივით გემრიელია.იმ დღის შემდეგ მე მისი სახელით შევიპღარი.დროთა განმავლობაში,რაც უფრო ვიზრდებოდი და მეტ დროს ვატარებდი ჩემს პირველ მასწავლებელთან,ვხვდებოდი,რომ სახელი არაფერ შუაშია.ის თავად არაამქვეყნიური იყო.მუდამ ჩვენზე ფიქრობდა თავს გვევლებოდა. მერე რა,რომ წითელი პომადა არ ესვა და ქუსლებზე არ იდგა,მთავარია კეთილი იყო, დროს და ენერგიას არ იშურებდა ახალი მასალის ასახსნელად,  ბავშვები უყვარდა.ვაკვირდებოდი მის სათნო ღიმილს ,დამაჯერებლად საუბარს.ამბავს ისე გვიყვებოდა,თითქოს იმ ამბის გმირი ვიყავი და ვიკარგებოდი აბზაცებში,წინადადებებში.გვეალერსებოდა და გვიცავდა.მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი.მუდამ მახსენებდა,რომ შემეძლო და შეუძლებელს შევძლებდი.მეც ვცდილობდი მისი გული გამეხარებინა და ყოველთვის მონდომებით ვასრულებდი დავალებებს "ლამფის" შუქზე.ისიც არ იშურებდა წითელ ვარსკვლავებს და სათანადო სიტყვებით ამკობდა ჩემს დავალებებს.
რამდენიმე წლის წინ ვნახე ჩემი პირველი მასწავლებელი და გამახსენდა ის ოთხი წელი ,რომელიც მასთან გავატარე.ბედნიერმა მომილოცა წარმატება და მადლობა მითხრა იმ საქმის გაგრძელებისათვის ,რასაც თავად წლების მანძილზე აკეთედა.მისი თვალები ისე აღარ ციმციმებდნენ ,როგორც მაშინ,პირველ დღეს როცა სკოლაში შევედი,მაშინ ,როცა ოთხი კლასი დამამთავრებინა.უფრო ნაღვლიანი და მოწყენილი ჩანდა,მეტად წელში მოხრილი და ჭაღარით,რომელიც უფრო კეთილს აჩენდა.მარტო ის სათნო ღიმილი არ შეცვლილიყო,რაომელიც ასე ძალიან მიყვარდა.ვეფერებოდი მის დამჭკნარ ხელებს,შრომითა და ჯაფით გაუხეშებულს.
ჩემი მაყვალა მასწავლებელი.ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანი,მიდიოდა ამაყად,წელში მოხრილი.მიდიოდა უკანმოუხედავად.მე კი ვიდექი იმ იმედით ,რომ შემომხედავდა,კიდევ ერთხელ გამიღიემდა ,მაგარამ არა,წავიდა უკანმოუხედავად.

Comments

Popular posts from this blog

ქართული ენა (გრამატიკა)